ნგოზი ოკონჯო-ივეალა

ოკონჯო-ივეალა 2008 წელს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 მარტი, 2021
წინამორბედირობერტო აზევედო

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აგვისტო, 2011  29 მაისი, 2015
პრეზიდენტიგუდლაკ ჯონათანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივლისი, 2003  21 ივნისი, 2006
პრეზიდენტიოლუსეგუნ ობასანჯო

საგარეო ურთიერთობების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 2006  30 აგვისტო, 2006
პრეზიდენტიოლუსეგუნ ობასანჯო

დაბადებული13 ივნისი, 1954
დელტა, ნიგერია
მეუღლეიკემბა ივეალა
შვილები4
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი

ნგოზი ოკონჯო-ივეალა (დ. 1954, 13 ივნისი) — ნიგერიელ-ამერიკელი ეკონომისტი და საერთაშორისო განვითარების ექსპერტი, Standard Chartered Bank-ის, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსისა და აფრიკის რისკების მართვის სააგენტოს საბჭოების წევრი. 2021 წლის 15 თებერვალს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რითაც ამ თანამდებობაზე მყოფი პირველი ქალი და პირველი აფრიკელი გახდა.

ოკონჯო-ივეალა 25 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკში განვითარების ეკონომისტად მუშაობდა, სადაც 2007-2011 წლებში მენეჯერი დირექტორის პოზიცია ეკავა. მას ორჯერ ეკავა ნიგერიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა (2003-2006, 2011-2015). ასევე მცირე ვადით იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (2006). 2005 წელს ჟურნალმა Euromoney ოკონჯო-ივეალა წლის გლობალურ ფინანსთა მინისტრად დაასახელა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ოკონჯო-ივეალა ნიგერიაში, დელტის შტატში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქალაქ ენუგუს დედოფლის სკოლასა და ქალაქ იბადანის წმინდა ანას სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც იბადანის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა. 1973 წელს აშშ-ში წავიდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, რომელიც 1976 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. 1981 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში რეგიონულ ეკონომიკასა და განვითარებაში დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადისერტაციო ნაშრომი საკრედიტო პოლიტიკას, სასოფლო ფინანსურ ბაზრებსა და ნიგერიაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხებოდა.

კარიერა

კარიერა მსოფლიო ბანკში

ოკონჯო-ივეალა 25 წლის მანძილზე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკში განვითარების ეკონომისტად მუშაობდა, სადაც საქმიანობას ეკონომიკური განვითარების პროგრამების მიმართულებით აწარმოებდა. 2007-2011 წლებში იგი ორგანიზაციის მენეჯერი დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ოკონჯო-ივეალა აკონტროლებდა მსოფლიო ბანკის პორტფოლიოს აფრიკაში, ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. მისი ინიციატივით ფინანსური კრიზისის პერიოდში მსოფლიო ბანკმა დახმარება გაუწია დაბალშემოსავლიან ქვეყნებს.

მსოფლიო ბანკში მუშაობის პერიოდში ოკონჯო-ივეალა აგრეთვე აფრიკასთან ეფექტური განვითარების თანამშრომლობის კომისიის წევრი იყო, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დააარსა.

სამთავრობო კარიერა

ოკონჯო-ივეალას ორჯერ ეკავა ნიგერიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. პირველად 2003-2006 წლებში პრეზიდენტი ოლუსეგუნ ობასანჯოს მმართველობის პერიოდში, ხოლო მეორედ ‒ 2011-2015 წლებში გუდლაკ ჯონათანის პრეზიდენტობისას. 2006 წელს ხანმოკლე ვადით ოკონჯო-ივეალა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე იმყოფებოდა. ორივე თანამდებობაზე იგი პირველი ნიგერიელი ქალი იყო.

ოკონჯო-ივეალას, როგორც ფინანსთა მინისტრის, სარეფორმო პროგრამებმა სამთავრობო საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდასა და ეკონომიკის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. 2003 წელს იგი მაკროეკონიმიკური მენეჯმენის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა. მისი ძალისხმევით ნავთობის ფასზე დამყარებული ფისკალური წესი მიიღეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის მაკროეკონომიკური არამდგრადობა.

ნიგერიის ფედერალური მთავრობისათვის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეწყობით ოკონჯო-ივეალამ მონაწილეობა მიიღო ელექტრონული ფინანსური მენეჯმენტის პლატფორმების შექმნაში, ესენია: სამთავრობო ფინანსური მენეჯმენტისა და ინფორმაციის სისტემა (GIFMIS), სახაზინო ანგარიში (TSA) და ინტეგრირებული სახელფასო და პერსონალური ინფორმაციის სისტემა (IPPIS). ამ უკანასკნელის საშუალებით ნიგერიის მთავრობამ, 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, 1,25 მილიარდი დოლარი დაზოგა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ARC Agency Governing Board – African Risk Capacity.
  2. Hayashi, Yuka; Jeong, Eun-Young (5 February 2021). „U.S. Backs Nigeria's Former Finance Minister for Next WTO Director“. Wall Street Journal.
  3. WTO: South Korea's Yoo Myung-hee withdraws from director general race, clearing path for Nigeria's Ngozi Okonjo-Iweala. South China Morning Post.
  4. Nigeria's Ngozi Okonjo-Iweala Becomes First Female, African To Head World Trade Organisation.
  5. Ngozi Okonjo-Iweala, former finance minister of Nigeria and former managing director of the World Bank, will deliver the 2020 Graduation Address.
  6. Okonjo-Iweala, Ngozi. (2018-04-04) Ngozi Okonjo-Iweala.
  7. Okonjo-Iweala, Ngozi (1981). Credit policy, rural financial markets, and Nigeria's agricultural development (en). Massachusetts Institute of Technology. OCLC 08096642. 
  8. 1 2 3 4 Ngozi Okonjo-Iweala.
  9. Commission on Effective Development Cooperation with Africa Folketing.
  10. Ngozi Okonjo-Iweala — Minister of Finance, Nigeria.
  11. Hats off to Okonjo-Iweala.
This article is issued from Wikipedia. The text is licensed under Creative Commons - Attribution - Sharealike. Additional terms may apply for the media files.